Wednesday, June 6, 2012

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება იწვევს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ასევე სხვადახვა პათოლოგიებს.
საქართველოს ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში.
თბილისში, ე.წ. გმირთა მოედნის `სამკუთხედის~ რაიონში ჩატარებული გაზომვების შედეგად გამოავლინდა მტვრისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზღვრულად დასაშვები ნორმების მიმართ.
მიზეზები: ქვეყანაში ძირითადად ძველი ავტომანქანები მოძრაობენ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს როგორც საწვავის ხარჯით, ისე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით. ტყვიაშემცველი ბენზინის გამოყენებისას, ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან გამოთავისუფლებული ტყვია, შეიწონება მტვრის ნაწილაკებში და ილექება ნიადაგში. 
შედეგები: 
ტყვიის მომატებული შემცველობა ნერვული სისტემის მოშლის, მოზარდებში ზრდის შენელების, სმენის დაქვეითების, თავის ტკივილის, თირკმელების და ღვიძლის, ასევე სიმსივნური დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება. 
ცნობისათვის: არსებული მონაცემებით, სამრეწველო სექტორის გაფრქვევებში წამყვანი ადგილი ენერგეტიკას უჭირავს. ამასთან ჰაერის მტვრით დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროებია ცემენტისა და ასფალტის საწარმოები. ცემენტის საწარმოზე კასპელები გამახსენდნენ… თქვენი არ ვიცი მაგრამ მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ნაცრისფერ ნისლში გახვეული კასპი. მე პირადად ალბათ იქ ცხოვრებას ვერ შევძლებდი. თუმცა იმ ადამიანებისიც მესმის, როცა სხვა გამოსავალი არა გაქვს იძულებული ხარ გარემო პირობებს შეეგუო. გაუძლო… თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. იმისავის რომ ნათლად წარმოიდგინოთ თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოს დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე შეგიძლიათ ქვემოთ სურათს დააკვირდეთ…



ნიადაგის დაბინძურება

ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.
უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.

წყლის დაბინძურება

მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კუშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.


ჰაერის დაბინძურება

ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.

ბუნებრივი გარემოს დაბინძურება

დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
   გამონაბოლქვი აირები დაბინძურების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა,ნახშირბადი, აზოტი, გოგირდის ოქსიდები, ტყვიის ნაერთები და ბენზოლი - ამცირებენ სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევენ. ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში ხდება ზრდის დაქვეითება, შესაბამისად, ჰაერში ტყვიის რაოდენობა საშიშია ჩვილებისთვის.

Thursday, April 5, 2012

ბუნებრივი გარემო

 ბუნებრივი გარემო — დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.
  ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს - რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიოტირულ კომპლესებს ეხება.

რა არის გარემო ?

გარემო _ ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერტობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენს.

გარემოს შესაძლო ფორმებია:

  • ბუნებრივი გარემო
  • სოციალური გარემო
  • ბიზნეს გარემო